მეცნიერების ვარაუდით, როგორც ყველგან, ასევე საქართველოშიც ელინისტურ ხანაში არაერთი ბორდელი არსებობდა, მიუხედავად ამისა, არ იყო ნაპოვნი არავითარი არქელოგიური მტკიცება. თუმცა ცნობილია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მეხუთე საუკუნეში უკვე არსებობდნენ ,,სპარსული ბორდელები“, ასევე არის ვარაუდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საროსკიპო არსებობდა თამარის დროს ქალაქ გორთან, სადაც ძირითადად მუშაობდნენ ბიზანტიელი, რომაელი, სომეხი და სპარსი ქალები.
ბოლო დროს აჭარაში კერძოდ კი გონიოში არსებული ბორდელების შესახებ ქართული მედია აქტიურად საუბრობს, მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსგავსი ობიექტი ქობულეთში, კერძოდ კი ჩოლოქის ტერიტორიაზე, ბენზინგასამართ ,,ვიქტორიას“ მეორე სართულზეც არის განთავსებული.
რედაქციაში არა ერთი ქობულეთელის სატელეფონო ზარი შემოვიდა და მოქალაქეები გვთხოვდნენ ამ თემით დავინტერესებულიყავით, როგორც ქობულეთელები ამბობენ, ამ ადგილას ძირითადად თურქეთის მოქალაქეები ჩერდებიან. ერთ-ერთი ქობულეთელი კი გვიყვება: – თვითონ ბენზინგასამართი სადგურის შენობაში მეორე სართულზე ჰყავთ სექს- მუშაკები, ზუსტად ამ ადგილას ისვენებენ თურქები, ტრაილერებს აჩერებენ ავტოსადგომზე და ამ სერვისითაც სარგებლობენ“ – ამბობს უცნობი მამაკაცი, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.
ბუნებრივია რედაქცია აღნიშნული თემით დაინტერესდა და ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩოლოქში ბენზინგასამართ ,,ვიქტორიას“ ვეწვიეთ, როგორც ,,ვიქტორიას“ ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, მსგავსი დაწესებულება მათთან არ არსებობს, თუმცა ის ფაქტი ნამდვილად დაადასტურეს, რომ მათი ძირითადი კლიენტურა თურქეთის მოქალაქეები არიან : – კი თურქები ნამდვილად სტუმრობენ ამ ადგილს, უკანა მხარეს ავტოსადგომია, იქ აჩერებენ ტრაილერებეს და ჩვენთან შემოდიან, კაფეში ჩაის დალევენ და შემდეგ მიდიან – ამბობს ,,ვიქტორიას“ მფლობელი.
ჩოლოქის დასახლებაში მოსახლეობა ამ თემაზე ხმამაღლა არ საუბრობს, თუმცა პირად საუბრებში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ადგილას ნამდვილად არის საროსკიპო სადაც ხშირად სტუმრობენ ტრაილერების მძღოლები. გვინდა ვენდოთ „ვიქტორიას“ მფლობელებს, მაგრამ რა ვუყოთ ანდაზას: „კვამლი უცეცხლოდ არ არსებობსო?!.“
სულხან მესხიძე
.
