მთავარი ინტერვიუ „თქვენ გვათქმევინეთ, რომ ამად ნამდვილად ღირდა სიცოცხლე“…

„თქვენ გვათქმევინეთ, რომ ამად ნამდვილად ღირდა სიცოცხლე“…

765
0

zaur 2 წარმოსადეგი, განათლებული, თავისი საქმის ზედმიწევნით კარგად მცოდნე ინჟინერი, პირველივე შეხვედრითანავე რომ მოგხიბლავდათ თავაზიანობით, ხელისგულზე დაგიდებდათ რაიონის სამშენებლო ობიექტების მდგომარეობას… მერე დასასვენებელი სახლი `ივერიის~ დირექტორად დაინიშნა, თანამშრომლებს, რომ იტყვიან, საფიცრად ჰყავდათ, იყო მკაცრი, მომთხოვნი, მაგრამ ობიექტურობის ჩარჩოებს არასდროს გასცდენია… ასეთია პორტრეტი კაცისა, რომელიც ათეული წლები ემსახურა მშობლიურ კუთხეს და დღეს თავისი შრომის ნაყოფს – სიყვარულს, პატივისცემასა და დაფასებას იმკის – ეს ზაურ ღლონტია, კაცი, რომლის ღვაწლიც არ დავიწყებიათ ქობულეთელებს, ამიტომაც არ გაგვკვირვებია მისი წარმატება პროექტში „რჩეული ქობულეთელი“.

 – ბატონო ზაურ! გადავსახლდეთ შორეულ ბავშვობაში, უპირველესად რას გაიხსენებთ, როგორი ბავშვობა გქონდათ?
– ბავშვობის წლები ქობულეთში გავატარე. დედა ბილნაზ ბეჟანიძე კარგი დიასახლისი, მამა ოსმან ღლონტი კი კოლმეურნე გახლდათ, დიდი ბაბუა ალექსანდრე ღლონტი, ჩემთვის მისაბაძი ადამინი იყო. კარგი მშობლები მყავდა, მრავალშვილიან ოჯახში ვიზრდებოდი, სულ 6 დედმამიშვილი ვიყავით, მე ყველაზე უმცროსი ვარ. წარჩინებით დავამთავრე #3 საშუალო სკოლა, უფროსებისადმი პატივისცემითა და მოკრძალებით ვიზრდებოდი.
– რა მოგცათ სტუდენტობის წლებმა?
– სკოლის დამთავრების შემდეგ გავხდი ხარკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი, მესამე კურსიდან გადავედი აშხაბადის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტზე. ამ პერიოდში გატაცებული ვიყავი სპორტით, ფეხბურთის თამაშით, ეს საქმე ძალიან კარგად გამომდიოდა. სწავლის პერიოდში ვმუშაობდი კიდეც, სხვადასხვა დროს ვასრულებდი კომკავშირულ სამუშოებს, თანდათან მოდიოდა წარმატებაც… მუშაობა დავიწყე სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში მთავარ ინჟინრად. 1968 წელს გადამიყვანეს სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსად თურქმენეთის გაზის კომუნალური მომსახურების სამინისტროში.
– ოჯახი სიყვარულით შექმენით, გულისსწორი აშხაბადში იპოვეთ… გაიხსენეთ თქვენი და ქალბატონი რიტას სიყვარულის ისტორია?
zaur-3 – აშხაბადში სტუდენტობისას საავადმყოფოში შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს, რიტა სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი იყო, აქედან დაიწყო ფაქიზი სიყვარულის ისტორია, რომელიც 2 წელი გრძელდებოდა… აშხაბადში ჩამოვიდნენ ოჯახის ახლობლები, ნათესავები და 1965 წელს ქორწილიც დაგვირგვინდა. წლისთავზე ქალიშვილი სალომე შეგვეძინა.
ქ-ნი რიტა ჩაგვერთო საუბარში: – ჩვენი ოჯახი ყოველთვის მზად იყო ზაურის ნათესავების მისაღებად. ყველას უხაროდა ჩვენთან ჩამოსვლა, ზაური პატრონობდა ჩამოსულ ნათესავებს, აკვალიანებდა და ხელმძღვანელობდა. ძალიან კარგი დედამთილ-მამამთილი მყავდა, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები, ძალიან პატივისცემით მეპყრობოდნენ, მაჩვევდნენ აქაურ ადათ-წესებს, კარგი ურთიერთობა გვქონდა, ძალიან მიყვარდა ზაურის მშობლები და იმავეს ვგრძნობდი მათგან.
 – ბატონო ზაურ, თქვენი წარმატებული კარიერა აშხაბადში დაიწყო, დიდი მიღწევები გქონდათ… რატომ წამოხვედით იქედან?
– 1969 წელს წამოვედი. დედა იყო ავად… დედას ძალიან ვჭირდებოდი… აღარ წავედი და 1970 წელს მუშაობა დავიწყე #3 სამშენებლო სამმართველოში ინჟინრად.
ქ-ნი რიტა: – მე ველოდებოდი, ვფიქრობდი, რომ დედა მორჩებოდა და ზაური დაბრუნდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა, ზაური ქობულეთში დამკვიდრდა. მეც დავტოვე სამსახური, გინეკოლოგიური განყოფილების უფროსი ვიყავი და ჩამოვედით მე და სალომე ქობულეთში.
– არ გაგიჭირდათ იქედან წამოსვლა?
– არა, რადგან ზაურის ნათესავებს თითქმის ყველას ვიცნობდი, მიყვარდა ისინი და კარგი ურთიერთობები მქონდა. თანაც წარმატებული მეუღლე მყავდა და მის გვერდით ყოფნა ჩემთვის ბედნიერება იყო, მეორე შვილი დავითი შეგვეძინა უკვე ქობულეთში. 30 წელი ფასიან პოლიკლინიკაში ვიმუშავე ექიმად, სამსახური ახლოს მქონდა და მიადვილდებოდა ოჯახის და სამსახურის შეთავსება.
– ბატონო ზაურ, თქვენ ძალიან დაკავებული იყავით, როგორ უთავსებდით სამსახურსა და ოჯახს ერთმანეთს?
– მართლა ძალიან ბევრი საქმე მქონდა, თითქმის არ მეცალა ოჯახისათვის, მაგრამ რიტა კარგად უძღვებოდა ოჯახს და შვილებს.
– ვალმოხდილი მამა ბრძანდებით…
zaur-10 – დიახ. სალომემ დაამთავრა აშხაბადის სამედიცინო ინსტიტუტი, ექიმი ენდოკრინოლოგია. მას და მის მეუღლეს თემურ ინაიშვილს ორი შვილი ჰყავთ. დათომ მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტის შემდეგ ამერიკაში, ნიუ-იორკის უნივერსიტი დაამთავრა, ამჟამად ცხოვრობს თბილისში. დათოსა და მის მეუღლეს ეკა პატარაძეს 4 შვილი ჰყავთ. 6 შვილიშვილის ბაბუა ვარ.
– თქვენ დიდი სამეგობრო წრე გყავდათ, ვის გაიხსენებთ?
– უამრავი მეგობარი მყავდა ქობულეთში, ბათუმში, თბილისში, მოსკოვში, აშხაბადში, უკრაინაში, რუსეთში, საბჭოთა კავშრის ქვეყნებში.
ჩემი მეგობრები? რომან ცხომელიძე, ზურაბ ბეჟანიძე, ზურაბ კაიკაციშვილი, რეზო მითაგვარია, ავთო ბეჟანიძე, აწ გარდაცვლილი თამაზ მახარაძე, რეზო ტაკიძე, რეზო პატარაძე, რეზო წულუკიძე, ამირან გოგიტიძე და უამრავი სხვა.
– ყველაზე ხანგრძლივი დრო დასასვენებელი სახლ „ივერიას“ დირექტორის თანამდებობაზე გაატარეთ, როგორ მოიგონებთ იმ წლებს?
– დიახ, 1978 წლიდან დავინიშნე საქართველოს მინისტრთა საბჭოს მთავარი სამეურნეო სამმართველოს დასასვენებელი სახლის „ივერიას“ დირექტორად. 1990-92 წლებში კი საქართველოს მინისტრთა საბჭოს ჯანმრთელობის კერების „ივერიას“ სამმართველოს უფროსად.
1993-2003 წლებში დასავლეთ საქართველოს კურორტების მმართველად. ძალიან ტკბილად ვიგონებ იმ წლებს… „ივერიას“ მშენებლობა საძირკველიდან დავიწყე, 2 წლის შემდეგ აშენდა ქობულეთის სიამაყე, ქობულეთის დედოფალი დასასვენებელი სახლი „ივერია“.
დამთავრდა თუ არა „ივერიას“ მშენებლობა, ბობოყვათის სამთავრობო აგარაკის მშენებლობას შევუდექი. „ივერიის“ გახსნაზე მოსკოვიდან ჩამოსულ სამთავრობო წარმომადგენლებს „შევაპარე“, რომ მეორე მშენებლობა მქონდა წამოწყებული ბობოყვათში, მაშინ მოსკოვის გარეშე საქართველოში გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდი. ისინი ნანახით აღფრთოვანებულები დარჩნენ.
რაც შეეხება „ივერიას“, ჩემი მეორე ოჯახი იყო, სადაც კი რამე ახალს ვნახავდი, მოსკოვი იქნებოდა ეს თუ სხვა, ყველაფერი გადმომქონდა, ვალამაზებდი, ვაწესრიგებდი სამსახურს, გერმანული დისციპლინა მქონდა. დასასვენებელ სახლს ძლიერი, პროფესიონალი თანამშრომლები ჰყავდა, შემდგარი კოლექტივი მედგა გვერდით, სიტყვა და საქმე ერთი გვქონდა, მათი წახალისება კი მეც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. `ივერიაში~ ჩამოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის ადამიანები, საპატიო მოქალაქეები, გამოჩენილი ადამიანები, მსახიობები, მომღერლები, ცნობილი ვარსკვლავები. ჩვენთან ისვენებდნენ: რიჟკოვი, ლუჟკოვი, კოსიგინი, ბრეჟნევის ქალიშვილი და უამრავი სხვა…
 – ბევრი რამ გააკეთეთ, მაგრამ საინტერესოა რა გეგმები გქონდათ და რისი გაკეთება ვერ მოასწარით?
-კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ ციხისძირში დანგრეული ბინებიდან რამდენიმე ოჯახი გადმოვიყვანე ქობულეთში და ჩემს მიერ აშენებულ ბინებში შევასახლე. გეგმა ბევრი მქონდა, მაგარამ… ლიმონარიუმის აღდგენა მინდოდა, „ივერიის“ გვერდით დამხმარე ნაგებობებში სამედიცინო ცენტრი უნდა გახსნილიყო. კომპლექსი, სადაც მაღალკვალიფიკაციური მედპერსონალი სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენდა მოსახლეობას. ეს ყველაფერი დრომ შეიწირა.
– ვიცით, რომ უამრავი ჯილდო გაქვთ მიღებული, თქვენი შრომა იყო სათანადოდ დაფასებული?
Chemi Qobuleti!!! – ჯილდო უამრავი იყო: მადლობები, ორდენები, ქების სიგელები, ქობულეთის საპატიო მოქალაქეობა, დამსახურებული ყაზახის წოდება. ყველაზე დიდი ჯილდო კი ახლა მივიღე, როცა „რჩეულ ქობულეთელთა“ რიგებში დავსახელდი. ძალიან მიხარია, რომ დღეს ხალხს ახსოვს და აფასებენ იმას, რაც წარსულში გამიკეთებია. ბედნიერი ვარ, რომ ასე მოხდა. მადლობა ყველას, ვისაც ვახსოვარ.
მადლობა მინდა ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებს, რადგან მსგავსი ბედნიერება იშვიათად შეიძლება განიცადოს ადამიანმა. ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. შეუფასებელი საჩუქარია, რომელ ძვირფას საჩუქარს შეედრება იგი? ენით აუღწერელი სიამოვნება მოგვანიჭეთ, თქვენ გაიხარეთ და კვლავაც მრავალი სასიკეთო საქმე მოგეფიქრებინოთ. კარგია, რომ წარსულს არ ივიწყებთ, ამ ხალხმა ხომ თავისი ახალგაზრდობა საპასუხიმგებლო საქმეს შეალია. თქვენ გვათქმევინეთ, რომ ამად ღირდა სიცოცხლე…
ქალბატონი რიტა: – ვერც კი წარმოიდგენთ, ისეთი სტიმული მიეცა, ზაური ცოტას ავადმყოფობს, იმ დღეს, როცა „რჩეულ ქობულეთელთა“ საზეიმო შხვედრა ჩატარდა, ისეთი ბედნიერი იყო, თითქოს მორჩა კიდეც. ბედნიერია იმით, რომ ხალხს არ აქვს დავიწყებული ის სიკეთე, რომელიც ღვაწლმოსილმა ადამიანებმა თესეს. ღონისძიებიდან დაბრუნებულებს სულ გვინდოდა ნანახზე და განცდილზე გვესაუბრა. განსაკუთრებით გახარებული, აღფრთოვანებული და ბედნიერი იყო ზაური, მას ხომ უამრავი სასიკეთო საქმე აქვს გაკეთებული…

ნინო მეგრელიძე

რედაქციისაგან: კიდევ ერთხელ ვულოცავთ ბატონ ზაურს პროექტში წარმატებას და დიდხანს ჯანმრთელ სიცოცხლეს ვუსურვებთ.

(გაზეთი „ჩემი ქობულეთი“ #27-28, 2016 წლის 7 ივნისი)