მთავარი პოლიტიკა დავით ჩხარტიშვილი: ეპიზოდი VI / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი...

დავით ჩხარტიშვილი: ეპიზოდი VI / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი ისტორიის დაწერა!..“

1354
0

საერთაშორისო ფორუმზე, „ცუნდუ-2023“ სიტყვით გამოსვლის დროს, სი ძინპინმა მოუწოდა გაერთიანებისკენ ჩინეთისადმი მეგობრულად განწყობილ ერებს, რათა ახალი და უკეთესი მსოფლიო აშენდეს. პარალელურად, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა რომ, – „ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, სამართლიანობისთვის მიდის, და ატარებს ეროვნულგანმათავისუფლებელ ხასიათს. რადგან, ვიბრძვით არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მთელი მსოფლიოს თავისუფლებისთვის“_ო. ამ ორ ეპოქალურ გზავნილს, სათანადო დეკონსტრუქცია რომ გაუკეთდეს, ფუნდამენტური ტექსტია საჭირო და არა საგაზეთო ინტერვუიუს ფორმატი. მაგრამ, ესკიზად ან თეზისების სახით, და დაანონსებული მსოფლიო მეტამორფოზის გენეალოგიის ზოგადი მიმოხილვით, კი შეგვიძლია საკითხის ჩაშლა ისე, რომ ნათელი გახდეს ჩვენი მკითხველისთვის პროცესის გამომწვევი მეტა_მიზეზები, და თუ რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში.

  • მაშინ ვცადოთ და როგორმე არ ავცდეთ კულტუროლოგიაში დისერტაციის და ტიკ-ტოკის დიაპაზონის შუალედს (იცინის); მერედა, თუ ამ სტილზე შევჯერდით მაინცა და მაინც, თავშივე უნდა ითქვას ისიც რომ, ციკლის „გაწელვის“ მიუხედავად, წინა ეპიზოდებში კი შევეხეთ ამ პრობლემატიკას, – მაგრამ ბოლომდე ვერა და ვერ გავშალეთ თემა უამრავი გვერდითი საკითხის ამოტივტივების გამო. ასე ვთქვათ „ვისრიალეთ“ გზა და გზა წამოჭრილ საკითხზებზე. რადგან, – რაგინდ უმნიშვნელოვანესი ფაქტებისა, თუ ტრენდების გამოვლენა-გაშუქებით იყო დაკავებული და მიუკერძოებელი თვალით იყურებოდე გარშემო. მაინც იმ საზოგადოების ნაწილად რჩები რომელსაც იკვლევ და რომელშიც „საინფორმაციო ხმაური“, სიმულაკრები, ტიკ-ტოკი, კრეტინი ექსპერტები, ანგაჟირებული ჟურნალისტები და სიმულაცია დომინირებს. ესე იგი, სრული სვლით მიმდინარებს პოსტმოდერნისტული, ანუ natio_ს – ბოშათა ბანაკის დონეზე დაყვანის პროცესი. სადაც უმნიშვნელო მნიშვნელოვნად წარმოჩნდება, რუხი კლერკი ეროვნულ მოღვაწედ, ვაჭარი-არარაობა მითოსურ პერსონაჟად, გვერდითი კი არსებითად და ა.შ. სიტყვაზე, ჩვენს პოლიტ_მედია ველზე გაბატონებული „ყვარყვარიზმიც“, ამ ხეიბარი რეფლექსია-მსოფლაღქმის და მასზე მორგებული სტრუქტურების შედეგია. და ეს იმ დროს, როდესაც საქართველოს მიღმა სულ უფრო მეტი ტიპის მოდერნისტული პროექტი იბადება. რიგ წარჩინებულ ქვეყნებში მთელი სიმძლავრით გაიშალა კიდეც. იქ, ჩვენსგან განსხვავებით – „დიდ იდეას“, აქტორების თვითკმარობას, დამსახურებას, კომპეტენციასა და კონცეფციების ავთენტობა-ნიადაგობრიობას გადამწყვეტ როლს ანიჭებენ. რაც ლამის იგივეა, რომ რჩებოდე უაღრესად პრიმიტიულ წარმართული წარმოდგენების ტყვეობაში, როდესაც საცივილიზაციო ცენტრბმა, ამა თუ იმ ფორმის მონოთეიზმი აირჩია დოქტრინად. ასეთი მოცემულობა კი, მკვლევარზეც არანაკლებ ზემოქმედებს, ვიდრე შესწავლის ობიექტებზე, თან უმრუდებს მთლიანი სურათის აღქმა-გადმოცემის საშუალებებსაც. რაც, ამ ეპიზოდში აღარ, ან შედარებით დაბალი დოზით იქნება. რადგან ბოლო-ბოლო ითქვა გულნადები, აღზევებულ ლექს კუთვნილი ადგილი მიეჩინა და დანარჩენი მიდი-მოდი თემებიც ამოიწურა (იცინის). ასევე, დამატებით ვეტყოდი მკითხველს რომ არ დაშინდეს ციკლის მოცულობის გამო. მიუხედავად იმისა რომ, ხუთივე ეპიზოდი ერთ სიუჟეტურ ღერძზეა აცმული, ისინი საკულტო კინოფილმის „SinCity”_ს დარად, ისეთი მაღალი ხარისხის ავტონომიურობით გამოირჩევიან, რომ ყველას თავ_თავის, კონკრეტულ საკითხზე მიბმული დასაწყისი, ერთმანეთთან ცოტაოდენი გადაკვეთის წერტილი და ლოგიკური დასასრული გააჩნია. ამიტომაც, შეუძლიათ არ წაიკითხონ წინა, – პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაწილები. ამით, დიდი არაფერი დაშავდება, მასალის აღქმის და დასკვნების გამოტანის თვალსაზრისით.
  • დავით, სანამ ძირითადზე გადავიდოდეთ, დამებადა კიდევ ერთი კითხვა; კერძოდ, თუ რატომ ჰპოვა იმდენად დიდი მოწონება აქაურების ნაწილში მემარცხენე ლიბერალიზმმა, რომ გავლენიანი, დიდწილად შემოქმედებით_მედია კონტიგენტის მიერ საკუთარი ერის, ეკლესიის, ოჯახის, წესის, ჯარისა და ზნეობის უარყოფაც კი მოხდა ამ ვითომცდა „ევროპულ“ პოსტულატებზე დაყრდნობით. ანუ, უგვანობის გატრენდება-თქო, ე.წ. „პრადვინუტობის“ მიერ, და „woke-კულტურისა“, თუ „გენდერული თეორიების“ საფარქვეშ და ა.შ. ვგონებ, მით უფრო აქტუალურია ამ ჭრილში საკითხის განხილვა, როცა სტატუს_მონიჭებულზე, ქალბატონი პრეზიდენტი უპირისპირდება მმართველ გუნდს გაჟღერებული ტრადიციონალისტურ-კონსერვატორული მესეჯ-ბოქსის გამო. თან, თეთრი სახლის ადმინისტრაციის მოსაწონად, ასევე „მიშისტური“ ელექტორატის წინაშე ნიშნის მოგების გამოც, – სწორედ იმ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ხვდება ხოლმე, ვინც ამ იდეოლოგიის ავანგარდათ მოიაზრება საქართველოში.
  • ჯერ ერთი, აშკარაა რომ ივანიშვილის ავტორიტეტის ხარჯზე წამოსკუპებული ეს ოდიოზური ქალბატონი, სათანადოდ ვერ იაზრებს გამოწვევების იმ მასშტაბს, რაც ჩვენი სამშობლოს წინაშეა. მაგ „სელიბრითების“ კლასტერს კი რაც შეეხება, – იქ სადაც პრეზიდენტი ვერ აცნობიერებს რაღაც-რაღაცეებს ეგზისტენციალური საფრთხეებიდან, ესენი მით უფრო არ ფლობენ თემას. ამასთან ერთად, ეტყობა ვერც საკუთარ იდეოლოგიას აცნობიერებენ ბოლომდე. რადგან, მთლად უარყოფა თუ არა, სინდისის ქენჯნა ცოტაოდენ მაინც შეაწუხებდათ – საქართველოა ბოლო-ბოლო და არამც „წითელი ფარნების უბანი“ ამსტერდამში. თუმცაღა, გაგიკვირდება და სულაც არ ვკიცხავ ამის გამო, – არაა ეგ მათი ბრალი, რადგან ეპოქამ, აშშ-ს პატრონაჟმა, სოროსისეულ-გლობალისტური იდეების დომინირებამ, ტიკ-ტოკმა და მასობრივმა უწიგნურობამ მოიტანა ეს უმსგავსობა. ერთ-ერთ ირიბ დასტურად, თუგინდ PISA_ს მიერ ახლახანს ჩატარებული კვლევა ივარგებს, – რომლის თანახმად საქართველო წაკითხულის გააზრების მიხედვით 87-ე ადგილზეა. ხოდა, რაღა გასაკვირია ასეთ გარემოებებში, თუ ჭამა-სმა და დუქნის სიმღერაზე ორიენტირებულ ამ ბიომასას, რომელიც თან „mimesis“_ით (რედ. მიბაძვა) საზრდოობს დეკადები, მწყობრი და დაფინანსებული ალტერნატივის არქონის პირობებში დღესაც მოსწონს ის მასობრივი სიგიჟე, რომელიც ანადგურებს ზოგადსაკაცობრიო იდეალებს და მრავალსაუკუნოვან ქართულ საზრისებს. კონსტანტინე გამსახურდიასი არ იყოს, – „ღმერთის მიბაძვაა ძნელი, თორემ სახედრის წაბაძვას ყოველთვის მოახერხებ კაცი“_ო. ხოდა, აქაც ასეა-მეთქი და ამ ტვინგამორეცხილ თუთიყუშებს ახლა ღარიბაშვილის მიერ დაანონსებული პარადიგმის ცვლილება ესაჭიროება უფრო, თუ სადმე ღრეობა, ნარკოტიკი, თავისუფალი სიყვარული, და აზარტული თამაშები? ჰმ, შემდგომში რომ იკეკლუცონ ტელეეკრანებიდან ღორობის პროპაგანდის თანხლებით. ხაზგასმით ვიმეორებ, – რომელსაც უვიცობის გამო აქ გარკვეული წრეები „ევროპული ცხოვრების წესად“ ნათლავენ, კარგ ტონადაც მიაჩნიათ და რისი გაქარწყლებაც კონცეპტუალურ დონეებზე უნდა შევძლოთ მომდევნო ეპიზოდში, რადგან ვატყობ რომ, ესეც გაგვიგრძელდა.
  • რთული მისია ვიტვირთეთ, რადგან ფაქტია რომ სოროსისეული წრეები ისევე როგორც სააკაშვილის პერიოდში დღესაც წარმატებით აკონტროლებენ ძირითადი მეინსტრიმული ტელევიზიების დისკურს და როგორც ხვდები, ამიტომ პედალირებ ხოლმე წვეთი წყლის სიჯიუტით სწორედ მედიაზე არა?
  • დიახ, და ეს კარგად ესმით ე.წ. ჩანერგილებს თავად „ოცნებაში“, განსაკუთრებით რეგიონალურ დონეებზე, სადაც ცენტრალური კონტროლი მოიკოჭლებს. თუმცაღა, ამაზე სხვა დროს იყოს. სამწუხარო რეალობაა, რადგან იმის მიხედვით თუ ვის ხელშია მასმედია, ის ნარკოტიკად გვევლინება ან წამალად, რომლის საშუალებით მასობრივი გონის ფორმირება ხდება XXI საუკუნეში – რაგინდ, მნიშვნელოვან როლს არ ვანიჭებდეთ სოც-ინჟინერიაში ისეთ ტრადიციულ ინსტიტუტებს როგორიცაა ოჯახი, ეკლესია, კულტურის და განათლების სისტემები. ასეა ეს მოგვწონს თუ არა, და მარტინ ჰაიდეგერის არ იყოს თან, „ჩვენ კი გვახსოვს მზე და გაგვაჩნია შესადარებელი მაგალითი. მაგრამ მოვლენ ისინი, რომელნიც ვეღარ შეადარებენ ვერაფერს“. მოკლედ, არ ვიცი თუ გავეცი პასუხი ისე როგორც ელოდი, მაგრამ ამ ეტაპზე სულ ესაა, რისი თქმაც შემეძლო. სხვა დანარჩენს რაც შეეხება, კი შევეჭიდეთ ურთულეს თემას, მაგრამ მზად ვარ საკითხის მაქსიმალური გაშლისთვის VI ეპიზოდში. მერედა, ახალი წელი დგება, და ნუღარ გადავღლით მკითხველს. სჯობს ვისარგებლო რა შემთხვევით, და დამდეგი მივულოცოთ, თან მშვიდობა და გონიერება ვუსურვო *

(გაგრძელება იქნება)

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე